თეგი: მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება. „ის რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის, – პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ ჰორნიმ, რომელიც ბილ ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია საქართველოს, – „ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიაზე და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“ – დასძინა მან. 26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება, თანამშრომლობის საკითხებს სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც. „როდესაც 10 დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის უმაღლესი რანგის ხუთი მოხელე შენს ქვეყანაში ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს და მის მომავალს დანარჩენი მსოფლიო დიდ მოლოდინებს უკავშირებს“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრუებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, მისი თქმით ეს მოლოდინები მნიშვნელოვნად გაამყარა რაგბის კავშირის წარმატებულმა რეფორმებმა და ასევე ზაფხულის სერიის ფარგლებში, იტალიის ნაკრებთან ბათუმში მოპოვებულმა გამარჯვებამ, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა პირველად სძლიეს ტიერ-1-ის გუნდს. საქართველოს რაგბის კავშირი გამოდის ინიციატივით და მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო რაგბთან, რათა მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციაზე მოიწვიოს საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს და ახალ საფეხურზე აიყვანს ქართულ რაგბს საერთაშორისო ასპარეზზე.  

დღეს, საქართველოში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ჩამოვა

დღეს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი, ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, დევიდ კერიგი ჩამოდიან. დელეგაცია ლელოს სარაგბო ბაზას ეწვევა, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრები, ფონდი ქართუ და საქართველოს რაგბის კავშირი ხელს მოაწერენ მემორანდუმს მასშტაბური პროგრამის „ჩაერთე რაგბიში” განხორციელებაზე, რაც 150-ზე მეტ სკოლაში საბავშვო რაგბის განვითარებას ითვალისწინებს. დელეგაცია პრემიერ-მინისტრს, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს რაგბის ადმინისტრაციას ქართული რაგბის სტრატეგიასა და განვითარების ხელშეწყობაზე სასაუბროდ შეხვდება. მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოში 28 სექტემბერს დასრულდება.  

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ფონდის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო „განვითარების ჯილდო“ გადასცა. საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს“, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.